ყველიერის კვირა







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2015-02-19, 10:23 PM
ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. წელს ყველიერი იწყება 6 თებერვალს და მთავრდება 22 თებერვალს სრულდება. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის ჭამა.

დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ყველიერის კვირაზე უფრო დაწვრილებით “ამბიონი” ესაუბრა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელმსახურს მამა გიორგი წეროძეს.

რას ნიშნავს ყველიერის კვირა?

ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მზადება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო. ადამიანს ეძლევა დრო იმისათვის, რომ მან კიდევ ერთხელ, ან პირველად თავის ცხოვრებაში დასვას კითხვები, როგორ განიცდის იგი საკუთარ თავს ღმერთთან მიმართებაში, ფარისეველს უფრო მეტად გავს, თუ მეზვერეს? ფარისეველს, რომელსაც საკვეხნად აქვს თავისი მართალი სარწმუნოება, თუ მეზვერეს, რომელიც გრძნობს, რომ ღმერთისადმი დიდი რწმენა და სიყვარული აქვს, მაგრამ ნათლად ხედავს და განიცდის, შემოქმედის მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ თვალიც კი ვერ გაუსწორებია მისთვის. დავაკვირდეთ იმასაც, რომ ორივე ეს ადამიანი ტაძარში დგას.

ამის შემდეგ იწყება უძღები შვილის კვირა. აქ შემდგომი 7 დღის განმავლობაში ადამიანი ფიქრობს, ნეტა თუ ვარ ღმერთის ერთგული შვილი? ხომ არ ვარ მე წასული მამისეული სახლიდან? ხომ არ მოვთხოვე ღმერთს ერთგვარი ანგარიში და ხომ არ განვეშორე მას? რას ვაგროვებ მე ცხოვრების გზაზე? საით არის მიმართული ჩემი ძირითადი მისწრაფებები? ვარ მე ამქვეყნად სტუმარი, თუ ვიქცევი და ვფიქრობ ისე, თითქოს ეს ყველაფერი სწორედ ასეთი სახით (თორემ სახეს იცვლის სამყარო და მარადიული ფიზიკური და არა მხოლოდ სულიერი არსებობა გველის და მეტიც, ერთგვარი განაჩენიც კი არის მთელი კაცობრიობისათვის) მარადიულად იარსებებს? კითხვების დასმა შეიძლება გავაგრძელოთ. ეკლესია გვთავაზობს, რომ ამ კითხვების ხასიათი შემოიფარგლოს სახარებისეული უძღები შვილის იგავის თემატიკით.

შემდეგ დგება არანაკლებად მნიშვნელოვანი კვირა. ეს არის საშინელი სამსჯავროს მოგონების, წინასწარ ამ დღეზე დაფიქრების კვირა. დღე, როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა, განათლებისა და პატივისა, ყველა შევხვდებით შემოქმედს. დღე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის გახდეს მარადიული სიხარულის, ან, ამის საწინააღმდეგოდ, მარადიული მწუხარების დასტურად. დიახ, დასტურად და არა – დასაწყისად. სამოთხე, ან ჯოჯოხეთი ადამიანის სულისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება და გარდაცვალება, ან საშინელი სამსჯავრო ამ ყველაფრის ერთგვარი დაფიქსირებაა. ორივე დღე ღმერთთან შეხვედრის დღეა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვალებიდან საყოველთაო სამსჯავრომდე ადამიანები ერთმანეთს შუამდგომლობენ, ისინი ეკლესიაში ლოცულობენ, სამოქმედო წესს იღებენ თავიანთი ახლობლების სულების საშველად, სალხინებლად, რომ გამოადგეთ მაშინ, როდესაც საბოლოო სამსჯავროს შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არავისათვის აღარ იარსებებს. შეიცვლება სამყარო, იქნება ახალი ცა, ახალი მიწა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მსგავსად განახლდება ადამიანური ბუნება, მისი სხეული და ღმერთთან მარადიულად მყოფობით შეიცვლება მისი სული, შეიცვლება ფიზიკური სამყაროც. და ყველაფერთან ერთად ამ კვირას, ამ არამიწიერ სააზროვნო საკვებთან ერთად, ეკლესია შეახსენებს მორწმუნეებს, რომ საკვები რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ ხორცის ნაწარმი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია რძის ნაწარმის მირთმევა. თავად მკითხველმა განსაჯოს, რა უფრო მნიშვნელოვანია და ამ კვირის რომელი სახელწოდება უფრო მეტად უნდა დაიმახსოვროს მან.

ყველიერის კვირა, დასრულდება ადამის სამოთხიდან განდევნისა და ასევე, შენდობის ხსენებით კვირა დღეს. ამ კვირაშიც მეტად მნიშვნელოვანი თემები შემოუთავაზებია ეკლესიას სულის საკვებად, ხოლო ხორცისთვის კი უბრძანებია რძის პროდუქტის საკვებიდან გამორიცხვა. ადვილად მისახვედრია, აქაც საკვების შეზღუდვა მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ დაფიქრდე, რა იყო სამოთხე, რა დაკარგა ადამმა და სასიკეთო იყო თუ არა ეს მისთვის. დიხ, სამოთხიდან ადამის გამოდევნა მისთვის სასიკეთოა, რადგან ცოდვაში ჩავარდნილი, ღმერთისაგან გაუცხოებული (ემალება და ეშინია ღმერთის მაშინ, როდესაც ცოდვამდე ელოდა და ხარობდა ღმერთთან შეხვედრით) არ მიეახლოს მარადიულობის ხეს. ამ დღეზე დაფიქრებით ადამიანმა გონებით შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ გარდაცვალება და სიკვდილი ცოდვისათვის ერთგვარი წამალია, მწარე, მაგრამ წამალი. მისი მიღება მძიმეა, მაგრამ განკურნებული ადამიანი მარადიულ სიხარულს მიეახლება. ამ განკურნებას საუკუნეების შემდეგ აღასრულებს ქრისტე მაცხოვარი და სწორედ ამიტომაც ეძებს დღეს ყოველი მორწმუნე მასთან თანაზიარებას.

რაც შეეხება შენდობის დღეს, ეს ტარდიცია ბერმონაზვნებმა შემოიტანეს ეკლესიის ცხოვრებაში. ბევრი მეუდაბნოე, სამოღვაწეოდ უკაცრიალ ადგილებში გასული ქრისტეს მორწმუნე დიდი მარხვის დაწყების წინ შენდობას სთხოვს ადამიანებს იმის შიშით, რომ იქნებ აღდგომამდე ცოცხლებმაც ვერ მიაღწიონ. ასევე, ჩვენც ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ყველიერის კვირაში?

მორწმუნემ ყველიერის კვირაში ერთგვარად თავი უნდა შეამზადოს მომავალი მარხვისათვის, მომავალი მკაცრი სულიერი შრომისათვის. ადამიანებს რომ ეს გადასვლა გაუადვილდეთ, სწორედ ამიტომ ეკლესია ეტაპობრივად ახდენს სხვადასხვა დავალებების შეთავაზებას. მარხვა სულისათვის მისი მარადიული შემადგენელისათვის გამოუდეგარი მოქმედებებიდან თავის შეკავებასაც გულისხმობს. ეს იქნება სატელევიზიო, თუ სხვა გასართობი სანახაობებისაგან თავის შეკავება. ყველიერის კვირა მარხვის დასაწყისი და შესამზადებელი პერიოდია, ამიტომ ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.

რა ლოცვები იკითხება ყველიერის კვირაში?

ყველიერის კვირაში მორწმუნეებისათვის არ არის განსაზღვრული რაიმე განსაკუთრებული ლოცვები, მაგრამ დიდი მარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც მოითხოვს ძველი აღთქმის გარკვეული პერსონაჟებისა და ისტორიული მოვლენის ცოდნას. სწორედ ყველიერში მორწმუნის კეთილგონივრული საქციელი იქნება ამ ლოცვების განხილვა, რათა დადგენილ დროს შინაარსში წვდომით, მთელი გააზრებულობით ილოცოს ღმერთი.

ტექსტის ავტორი - დავით დანელია
მასალის წყარო - ამბიონი - საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი
Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: ყველიერის კვირა, დიდი მარხვა, yvelieris kvira, didi marxvisatvis mzadeba, დიდი მარხვისთვის მზადება, მართლმადიდებლობა, didi markhvistvis mzadeba, kvelieris kvira
Views: 2215 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: