ეკლესიაში დგომის წესები დამწყებთათვის
2015-07-25, 11:41 PM | |
პირჯვრისწერა და მეტანიების შესახებ ღმრთისმსახურების დროს (წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვისა და სხვა წყაროების მიხედვით) XIX საუკუნის დიდ მოღვაწეს, ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვს) ეკუთვნის მოკლე, მაგრამ მრავლისთქმელი სიტყვები ეკლესიის ტიპიკონის (წეს-განგების) შესახებ, რომელიც ყველაფერში ზომისა და წესის დაცვას მოითხოვს. მღვდელმთავარს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები მოჰყავს: "იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებებია მოსალოდნელი". ამგვარად, ქრისტიანის გარეგნული ქცევა რაღაც უმნიშვნელო და უსარგებლო როდია. "მცირედისადმი უყურადღებობისაგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვენლოვანისა და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე" (ეპისკ. ეგნატე). ეს სიტყვები სავსებით შეეფერება ქრისტიანის ქცევას ტაძარში, კერძოდ, საზოგადო ლოცვაში მის მონაწილეობას, რაც გარეგნულად პირჯვრისწერაა და მეტანიებში გამოიხატება. მართლმადიდებელი ეკლესიის ტიპიკონი ითვალისწინებს პირჯვრისწერის წესებს მეტანიის გარეშე და მცირე ან სრული მეტანიით. მოკლედ გადმოვცემთ ამ წესებს. 1. პირჯვრის გამოსახვა საჭიროა: საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს; ტროპარის ან ფსალმუნის კითხვისა თუ გალობის დასაწყისში; ექვსფსალმუნების შუაში "ალელუიას" დროს; სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) კითხვისა თუ გალობისას სიტყვებზე: "მრწამს", "და ერთი უფალი იესო ქრისტე", "და სული წმიდა", განტევებისას" "ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან", "ძალითა პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისათა", დღის წმინდანების მოხსენებისას და დიაკვნის ვედრებისას: "აცხოვნე, უფალო". "ქრისტიანებისათვის ჯვარი უდიდესი ძალა და დიდებაა, რადგანაც მთელი ჩვენი ძალა ჯვარცმული ქრისტეს ძალაშია, ხოლო მთელი ჩვენი დიდება "ქრისტეს სიმდაბლეში" (ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი). "ყოველთვის ჯვარით დაიბეჭდე თავი და ბოროტი ვერ შეეხება შენს სულს. ფარის ნაცვალდ პატიოსანი ჯვარით აღიჭურვე, ყოველი შენი ასო და თვით გული ამ მძლავრი იარაღით დაიცავი, და თუ ამას შეასრულებ, მაშინ ვერავინ ვერაფერს გავნებს" (ღირსი ეფრემ ასური). პირჯვარი ასე გამოვისახოთ: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითი შევაერთოთ იმის ნიშნად, რომ ღმერთი არის ერთი და თანსწორპატიოსანი სამება, ორი თითი კი ხელისგულთან მივიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არა მარტო ღმერთია, არამედ კაციც. ერთად შეკრული სამი თითი მიგვაქვს ჯერ შუბლთან (რათა უფალმა გაანათლოს ჩვენი გონება, თან გულში ვამბობთ: "სახელითა მამისათა"), შემდეგ გულთან (რათა უფალმა განწმინდოს ჩვენი გული და გრძნობები და ვამბობთ: "და ძისითა"), და ბოლოს მარჯვენა და მარცხენა მხართან ჩვენს საქმეთა საკურთხებლად (ვამბობთ: "და სულისა წმიდისათა, ამინ"). 2. პირჯვრისწერას თან ახლავს მცირე მეტანია: კვერექსის ყოველი თხოვნისას; მღვდლის ან მედავითნის სიტყვებზე, როდესაც იგი დიდებას აღუვლენს ღმერთს; როდესაც გალობენ ან კითხულობენ "მოვედით, თაყვანის-ვსცეთ"-ს,"წმიდაო ღმერთო"-ს, "ალელუიას"-ს, დავითნის ყოველი "დიდების" ბოლოს და ჟამნობისას ფსალმუნების შემდეგ; სტიქარონის, ტროპარის ან ფსალმუნის გალობის დასასრულს; ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელის ხსენებისას; როდესაც აღევლინება ვედრება "აცხოვნე, უფალო"; ცისკარზე ღმრთისმშობლის საგალობლის გალობის დროს ყოველი ჩასართავის შემდეგ; სადიდებლის გალობის დროს; განტევებისას; "მრწამსის" დასასრულს; წირვის ასამაღლებლებზე: "ვსდგეთ კეთილად", "ძლევისა გალობისა", "მიიღეთ და ჭამეთ", "სუთ ამისაგან", "შენნი, შენთაგან"; ასამაღლებლებზე: "უფლისა მიმართ ვილოცოთ" და "წმიდისია მიმართ ვილოცოთ", რომლებიც რაიმე ვედრებას უძღვიან წინ. წმ. სახარებაზე, ჯვარზე, წმ. ნაწილებსა და ხატებზე მთხვევისას აუჩქარებლად უნდა მივიდეთ, ორი მეტანია მანამდე შევასრულოთ და ერთი მის შემდეგ, რაც ვემთხვევით სიწმინდეს. ტაძარში ერთი მხრიდან მეორისკენ გავლისას პირჯვარს ვიწერთ და მცირე მეტანიას ვასრულებთ აღსავლის კარის წინაშე. ეკლესიის წესდება მკაცრად მოითხოვს, რომ ტაძარში მეტანია გულმოდგინედ, აუჩქარებლად და თავის დროზე კეთდებოდეს. მეტანიები და მუხლმოდრეკა უნდა შევასრულოთ კვერექსის ყოველი მოკლე თხოვნის ან ლოცვის შემდეგ და არა მისი გალობისა თუ კითხვისას. არ შეიძლება პიჯვრისწერისა და მეტანისს ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ). 3. თავს ვიდრეკთ პირჯვრის გამოსახვის გარეშე მღვდლის ასამაღლებლის დროს: "მშვიდობა ყოველთა", "კურთხევა უფლისა თქუენ ზედა", "მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა ზედა", "და იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა... თქვენ ყოველთა ზედა", აგრეთვე დიაკვნის სიტყვებზე: "და უკუნითი უკუნისამდე" -"წმიდაო ღმერთო"-ს წინ. არ არის საჭირო ხელისგულების შეტყუპება და, მით უმეტეს, მათი კოცნა, როდესაც ტაძარში მღვდელი ხალხს აკურთხებს. არ არის საჭირო პირჯვრის გამოსახვა ფსალმუნებისა და სტიქარონების კითხვისას, პირჯვარს არ იწერენ მგალობლები გალობის დროს - მათ ეს გალობის წინ ან მის შემდეგ უნდა გააკეთონ. არ არის საჭირო პირჯვრის გადაწერა ბარძიმთან მისვლისას, რათა შემთხვევით ხელი არ ვკრათ მას; ხელები გულზე უნდა გვქონდეს დაკრეფილი ჯვარედინად მარჯვენა ხელი მარცხენის ზემოთ. ზიარების შემდეგ აუჩქარებლად, მოწიწებით ვემთხვიოთ ბარძიმის კიდეს და მდუღარების მიღებამდე ნურც პირჯვარს გადავიწერთ, ნურც მეტანიას შევასრულებთ. ღმრთისმსახურების დროს თავს ვიდრეკთ წმ. სახარების კითხვისას და დიდ შესვლაზე. დიდ შესვლის დროს სიტყვებზე: "თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმან სასუფეველსა თვისსა" თავს ვიდრეკთ დ ვამბობთ: "მღვდლობა (ან დეკანოზობა, მღვდელმონაზვნობა, იღუმენობა, არქიმანდრიტობა, მღვდელმთავრობა) შენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა". 4. პირჯვრის გამოსახვას თან ახლავს მუხლმოდრეკა (გარდა ქვემოთ მითითებული განსაკუთრებული დღეებისა): წირვის ასამაღლებელზე: "ჰმადლობდეთ უფალსა"; წმ, საიდუმლოთა გარდაქცევის დროს -"შენ გიგალობთ"-ის ბოლოს; "ღირს არს"-ის ან მისი წილი საგალობლის შემდეგ: "მამაო ჩვენო"-ს გალობის დროს (კვირა დღეებისა და დიდი დღესასწაულების გარდა), წმ. საიდუმლოთა პირველი და მეორე გამობრძანებისას ზიარებისათვის და მის შემდეგ. ვინც ეზიარა, წმ. საიდუმლოთა მეორე გამობრძანებისას მცირე მეტანიას ასრულებს; ვისაც ამ დროს მდუღარება ჯერ კიდევ არ მიუღია, ის პირით ბარძიმისაკენ მიბრუნდება და ამით გამოხატავს თავის მოწიწებას. არ იკრძალება დიდი მეტანიის შესრულება ასამაღლებლზე "წმიდა წმიდათა". დიდმარხვის დროს ტიპიკონის, ჟამნისა და ტრიოდიონის (მარხვანის) მითითებით დიდი მეტანიები სრულდება: საცისკრო კანონების კითხვისას -სამი მეტანია (ჟამნებისა და მწუხრის კანონებზე -მცირე მეტანიები); ცისკარზე - ღმრთისმშობლის საგალობლის ყოველ ჩასართავზე, "ღირს არსზე"; დიდი სერობის დროს ასამაღლებელზე "ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო" და მის შემდგომ მუხლებზე; მწუხრზე და ჟამნობისას სინანულის ტროპარების გალობის დროს -თითო მეტანია, სადილის ჟამნის დროს სიტყვების - "მომიხსენენ ჩუენ, უფალო" - ბოლოს სამი მეტანია; დიდი მეტანიები სრულდება აგრეთვე ეფრემ ასურის ლოცვის დროს. პარასკევის მწუხრიდან კვირის მწუხრამდე დიდმარხვის მეტანიები უქმნდება. ტიპიკონით იკრძალება მუხლმოდრეკა კვირა დღეებში, ქრისტესშობის წინადღესასსწაულიდან ნათლისღების წარგზავნამდე, ვნების შვიდეულის ხუთშაბათის ცისკრიდან (წმ. გარდამოხსნის წინაშე მუხლის მოყრის გარდა) სულთმოფენობის მწუხრამდე, როდესაც მუხლმოდრეკის განსაკუთრებული ლოცვები იკითხება; ყველა ათორმეტთაგან დღესასწაულზე მათ წარგზავნამდე (ჯვართამაღლების დღესასწაულის გარდა, როდესაც თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს), აგრეთვე იმ დღეს, როდესაც უფლის წმიდა საიდუმლოებებს ვეზიარეთ. მეტანიები წყდება მწუხრზე, შესვლისას, სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვაზე და განახლდება თვითონ დღესასწაულის დღეს, მწუხრზე - "და ღირს მყუენ"-ის შემდეგ. საეკლესიო ტიპიკონი კრძალავს საზოგადო ღმრთისმსახურების დროს დაწესებულის გარდა სხვა განსაკუთრებული მეტანიების შესრულებას, აგრეთვე დიდხანს მუხლებზე დგომას, რაც ხელს უშლის ღმრთისმსახურების წესსა და მიმდინარეობას. თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულოთ, რათა ჩვენს გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში შესვლისას ტრადიციულად გუნებაში ან ძალიან ხმადაბლა კითხულობენ ფსალმუნის სიტყვებს "შევიდე სახლსა შენსა" (ფსლამ. 5,8-9), შემდეგ 50-ე და 90-ე ფსალმუნებს. მორწმუნე ეკლესიაში ნელა, უხმაუროდ, მოწიწებით უნდა შედიოდეს, რადგანაც ტაძარი ღმერთის სახლია, ზეციური მეუფის სამყოფელი. ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს. ტაძარში შესვლისას კარებთან უნდა შეჩერდე, შეასრულო სამი მეტანია და თქვა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვლისა ამას" (მეტანია), "ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე" (მეტანია), "რომელმან შემქმენ, უფალო, მიწყალე მე" (მეტანია). შემდეგ ტაძრის ორივე მხარეს მცირე მეტანია შეასრულე შენამდე მოსულე ხალხის წინაშე. სამი მცირე მეტანიის შესრულების შემდეგ ლოცვითურთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" მოწიწებითა და ღმრთის შიშით მიაპყარი ყური დაწყებულ ღმრთისმსახურებას. ასეთივე ლოცვები და მეტანიები დაწესებული განტევებისას, ანუ ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ. (თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ) | |
| |
Views: 2921 | Downloads: 0 | |
Total comments: 0 | |