წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელი - საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა
2014-01-18, 1:06 AM | |
[60]აღნიშნული შრომა, რომელიც ჟ. მინის გამოცემაში წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის ავტორობითაა წარმოდგენილი (PG. 98, col. 381-454), ძველ ქართულად ცნობილია ორი ძირითადი რედაქციით. მის ავტორებად მითითებულია წმ. ბასილი, წმ. მაქსიმე და „სხუანი მამანი“. ბერძნულ ტექსტში არის ზოგი საღვთისმსახურო ტერმინი და მითითება, რაც დღეისათვის ძნელად დასადგენია. ამიტომ, წინამდებარე თარგმანის რამდენიმე ადგილი არ გამორიცხავს შემდგომ დაზუსტებას. თარგმანში მოცემულია ცდა ბერძნულ ტერმინებთან პარალელში ძველი ქართული შესატყვისების მითითებისა. ეკლესია არის ტაძარი ღვთისა, წმინდა სავანე, სალოცავი სახლი, შესაკრებელი ერისა, ქრისტეს სხეული, სახელი და სძალი მისი; ეკლესია სინანულისა და ლოცვისათვის უხმობს ერს, წმინდაქმნილია იმ წყლით, რომლითაც წმინდად ნათელიღო ქრისტემ, უფლის პატიოსანი სისხლი ესხურა მას, საქორწილოდ მოირთო და აღიბეჭდა სულიწმინდის მირონით, როგორც ამის შესახებ გვაუწყებს საწინასწარმეტყველო სიტყვა: „გადმოღვრილი მირონი არის შენი სახელი; მოვისწრაფით შენი მირონის სურნელისაკენ“ (ქება 1.3). აგრეთვე: „როგორც მირონი, რომელიც თავიდან წვერამდე ჩამოდის, - აარონის წვერამდე! მისი სამოსლის ძირამდე ჩამოდის“ (ფსალმ. 132.2); სხვაგვარად, ეკლესია არის ცა მიწაზე, რომელშიც ზეციური ღმერთი სახლობს და მიმოდის. ეკლესია სახეობრივად წარმოაჩენს ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვას და აღდგომას. მოსეს „საწამებელ კარავზე“ უფრო დიდია იგი, პატრიარქთაგან წინასწარვე გამოისახა და მოციქულთა მიერ დაეფუძნა. მასშია სალხინებელი და წმინდა წმინდათა. ეკლესია წინასწარმეტყველთა მიერ არის წინდაწინ ქადაგებული, მღვდელთმთავართა მიერ შემკული, მოწამეთა მიერ სრულქმნილი და მათ წმინდა ნაწილებზე დასაყდრებული. სხვაგვარად, ეკლესია არის საღვთო სახლი, სადაც საიდუმლო და ცხოველი მსხვერპლი შეიწირება. აქვეა სამღვდელთმსახურო წიაღი და წმინდა გამოქვაბული. აქვეა საფლავი, აგრეთვე, სულისმარგებელი და ცხოველმყოფელი ტრაპეზი. ეკლესიის მარგალიტები უფლის მიერ მოწაფეებისადმი გადაცემული მოძღვრების საღვთო დოგმატებს გულისხმობს. „კვერი“ ანუ „კეტი“ (ό σημαντήρ) სახეა სამსჭვალთა, რომელთა მიერ დაემსჭვალა უფლის ხელ-ფეხი. ქვეყნიერების დასასრულამდე გახმიანდა იგი. „სარეკელი“ (τό σημαντήριον) მოასწავებს ანგელოზთა საყვირს, რომელიც უხილავ მტერთა წინააღმდეგ საომრად უხმობს ღვაწლშემოსილებს. ნათლისღების შესახებ ეს განუჩინა და უთხრა მოსეს ღმერთმა: „ჩადი ქვევით, უწამე ერს და განწმინდე ისინი. გაირეცხოს მათი სამოსი, რომ გაემზადნონ და ამოვიდნენ ჩემთან მთაზე“ (გამოსვლ 19.10-11). ასევე, ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს ღმერთი: „განიბანეთ და განიწმინდეთ: მოუსპეთ თქვენს სულებს ბოროტებანი“ (ეს. 1.16); აგრეთვე: „მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლისებრ გავასპეტაკებ“ (ეს. 1.18); თავად უფალი ამბობს: „უკეთუ ვინმე არ იშვება წყლისა და სულისაგან, ვერ შეძლებს შესვლას ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3.5). მანვე თავის მოციქულებს ეს აუწყა და უთხრა: „მოვლეთ მთელი სამყარო, დაიმოწაფეთ ყოველი ხალხი. მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით ნათელი ეცით“ (მათე 18.19). ნათელღებულნი ვართ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მიმართ, რადგანაც წყალში ჩასვლითა და ამოსვლით ანუ სამგზისი ჩაძირვით სწორედ [61]ქრისტეს სამდღიან დაფლვასა და აღდგომას გამოვხატავთ და ვაღიარებთ, აგრეთვე - იმას, რომ თავად უფალიც მოინათლა იორდანეში იოანეს მიერ. ნათელღებულისათვის ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს, რომელიც ვეღარ დაგვძლევს მომაკვდინებელი ცოდვის ძალით! ადამის ურჩობამ რომ მოაწია ჩვენზე. „წყალი“ აღნიშნავს საიდუმლოდ ჩენილ საიდუმლო ემბაზს ანუ ემბაზს სული წმინდის ცეცხლისას და წყლისას, იგი განწმენდს ცოდვათა ბიწიერებას, მეორედ შობისაკენ გვიხმობს ჩვენ და ახლად გვშობს საუკუნო ცხოვრებისათვის. ნათლისღების გზით ღვთის შვილნი ვხდებით, რადგანაც თავს ვაღწევთ ეშმაკისეულ მძლავრებასა და დამონებას. მადლი ღვთის ძისა თავისუფლებას გვანიჭებს ჩვენ. ნათლისღების ჟამს წყლითა და სულით წმინდაგვყო და განგვწმინდა უფალმა, თვით წარგვადგინა ღვთისა და მამის წინაშე და თქვა: „მამაო მართალო, აჰა, მე და შვილნი, რომელნიც მე მიბოძე! შენივე სახელით წმინდაყავ შენგან ბოძებულნი რომ განიწმინდონ და შეგიცნონ შენ - მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და ის, ვინც მოავლინე - იესო ქრისტე“, და დაიმკვიდრონ სასუფეველი ჩემი. ასეთების შესახებ იტყვის მამა: „დავმკვიდრდები მათში და მიმოვივლი მათ შორის, ვიქნები ღმერთი მათთვის, ისინი კი ჩემს წინაშე - განწმენდილი ერი და სამეუფო სამღვდელოება“ (II კორ. 6.16: მომდინარეობს ლევ. XXVI 12-დან). სულიწმინდა მტკიცეჰყოფს აღთქმას, რადგანაც მოწმეა ჭეშმარიტი და შეუბღალავი (ά παράγραπτος, irreprehensibilis), რომელიც რწმენით აღგვავსებს ჩვენ. იხილე წმინდა ზედწერილი (έπιγραφή), რამეთუ წმინდა სამებას სიგელის (Λιβελλον) წესით წააწერს სულიწშინდა, როგორც ენა ღვთისა მამისა და „კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა“ (ფსალმ. 44.2), რომელიც არათუ მელნითა და ფურცლით გამოგვისახავს ქრისტეს ნიშს (διαχάρρατον έν τη σημειώσει του Χριστου), არამედ - საცხებელი მირონის მიერ და როგორც ახალ წიგნში, მორწმუნეთა გულის ფიცარზე ქრისტეს ჯვარს ამოტვიფრავს. ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი: „დავწერე ჩემი რჯული, იტყვის ღმერთი, მათ გულებზე და დავნიშნე იგი მათ შუბლებზგ, რომ გამოინიშოს მათ შორის ნათელი ჩემი პირისა და იყვნენ ისინი სახელოვანნი მთელ ქვეყანაზე“ (იერ. XXXI.33). ჩვენც დავიმკვიდრებთ მის სასუფეველს, როგორც ჭეშმარიტი შვილები და მემკვიდრეები, თუკი ვიღვაწებთ იმისათვის, რომ მრთელად დავიცვათ წმინდა ნათლისღება და მრთელად - ბეჭედი. კონქი სახეა ბეთლემის გამოქვაბულისა, სადაც იშვა ქრისტე, აგრეთვე, გამოქვაბულისა, სადაც დაიმარხა იგი, როგორც ამბობს მარკოზ მახარებელი: „იყო გამოქვაბული, კლდეში გამოკვეთილი. და იქ დაასვენეს იესო“ (იოან. XI.38; XIX.41,42; შდრ. მარკ. 15.46). ეკლესია ის ადგილია, სადაც საიდუმლო და წმინდა მსხვერპლი შეიწირება. სიწმინდის შიგნით (ίερατείου) არის გამოქვაბული, სადაც საფლავია უფლის წილ (άντ' αύτου). საკურთხევლთს კონქი გადასვენებაა (μετάθεσις) ჯვრისა, ხოლო კოშკები (πύργοι) - ნიშანდებანი. ამიტომაც, ორივე მათგანი გონივრულად განალაგეს მღვდელომსახურთა პირისპირ. წმინდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, „რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო [62]ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახიდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებსა და მოციქულებს: „მიიღეთ, ჭამეთ და სვით, რადგანაც ეს არის ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი“ (მათ. XXVI.26-28). რჯულისეულმა ტრაპეზმა ცით მოვლენილი მანანის სახით წინასწარ მოასწავა ქრისტე. წმინდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან; ტრაპეზის მარგალიტები1 აღნიშნავს უფლის მიერ მოწაფეებისადმი ნამესაიდუმლოები მოძღვრების საღვთო დოგმატებს. კიბორიონი ანუ კიდობანი იქაა, სადაც არის ჯვარცმა. იგი მონაცვლეა იმ ადგილისა, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. ახლოსაა ის ფუძემაღალი ადგილი უფლის საფლავთან. ეკლესიაში იმგვარადაა ყველაფერი განწესებული, რომ ერთბაშად გაცხადდეს ქრისტეს ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა. კიბორიონი გამოსახავს, აგრეთვე, უფლისმიერი აღთქმის კიდობანს, რომელშიც არის წმინდათა წმინდა და მისი წმინდამყოფელობა. კიდობნის ორივე მხარეს, ღვთის განწესებით, ორი ქერუბიმია გამოქანდაკებული. სიტყვა „კიბ“ ნიშნავს კიდობანს, ხოლო „ორიონი“ - უფლისმიერ ნათელყოფას ანუ ღვთის ნათელს2. საკურთხეველი არის სალხინებელი, მსგავსი ქრისტეს წმინდა საფლავისა, სადაც სრულდება მსხვერპლშეწირვა ცოდვათა ჩვენთათვის. თვით ქრისტემ საკურთხეველში მსხვერპლად მიუძღვნა თავისი თავი ღმერთსა და მამას, როდესაც ტარიგის მსგავსად შეიწირა მისი სხეული. მან, როგორც მღედელთმთავარმა და ადამიანის შვილმა, შეწირა კიდეც, და თვითვე შეიწირა როგორც საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი. სიტყვისმიერი მსახურებით წმინდად ემსხვერპლა იგი მორწმუნეებს. მის მიერ ვეზიარეთ საუკუნო და უკვდავ ცხოვრებას. სწორედ ეს ტარიგი მოასწავა მოსემ, როდესაც მან ეგვიპტეში შეღამების ჟამს კრავის სისხლით უკუმიაქცია სიკვდილის მთესველი ანგელოზი და იხსნა ერი (იხ. გამოსლ. XII.13-20). „შეღამება“ იმას ნიშნავს, რომ სწორედ შეღამებისას დაიკლა ჭეშმარიტი ტარიგი - ქრისტე, რომელმაც თავისი ჯვრით მთელი ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა: „პასექი ჩვენი, რომელიც ჩვენთვის შეიწირა - ქრისტე!“ (I კორ. V.7). საკურთხეველი არის და ითქმის ბაგად და საფლავად უფლისა. საკურთხეველი არის მსგავსება ზეციური და გონისმიერი საკურთხევლისა: აქ მიწის მკვიდრი და ხორციელი მღვდლები სახეობრივად გვიცხადებენ უნივთო და ზენა ძალთა გონისმიერ და ღვთისმსახურ (λειτουργικάς) იერარქიებს, აქვე წარუდგებიან და მარადიულად მსახურებენ ისინი უფალს. ამიტომ, მართებთ, რომ იყვნენ ვითარცა „ალი ცეცხლისა“. ღვთის ძემ და ყოველთა მსაჯულმა ზეციურ განწესებათა მსგავსად ამქვეყნიურთა სიმწყობრეც განაჩინა. ბემა ანუ „მაღალი დასაჯდომელი“ არის ფუძემაღალი ადგილი და ტახტი, რომელზეც დაბრძანებულია ყოვლადმეუფე ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად, როგორც თვით ეტყვის მათ: „დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე, [63]რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი“ (მათე XIX.28). „ტახტი“ აღნიშნავს სარწმუნოების ქადაგებას. უშიშრად ქადაგებდნენ და ასწავლიღნენ მოციქულები, რომლებმაც უფლისგან ქადაგების წილ საზღაურად მიიღეს ზეციური სასუფეველი, სადაც, ცხადია, არ არის დასაჯდომელი. „ტახტი“ მოასწავებს, აგრეთვე, ქრისტეს მეორედ მოსვლას, როდესაც დიდებით მოგვეახლება იგი და განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს; საქმეთა მიხედვით მიუზღავს ყველას და განსჯის მთელ სამყაროს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „დასხდნენ ტახტები განსასჯელად, ტახტები - დავითის სახლზე“. „კოსმიტი“ (ნათცრ) გულისხმობს რჯულისმიერ და წმიდა კოსმიონს ანუ სამკაულს, რომელიც ავლენს ჯვარცმული ქრისტეს ბეჭედს, შემკულს ჯვრის მიერ. „ბოძები“ (აააარ,) ანუ „მკერდები“ (თირზათ), რომლებიც ბემას ანუ „დასაჯდომელს“ დანარჩენი ტაძრისაგან გამოყოფენ, ასეთ აზრს შეიცავენ: ბემის ანუ „დასაჯდომელის“ გარეთ არის ტაძარი, აგრეთვე, შესასვლელი და ის ადგილი, სადაც დგება სალოცავად შესული ხალხი. შიგა ნაწილი ანუ ბემა წარმოადგენს წმინდათა წმიდას, სადაც შედიან მხოლოდ მღვდლები და მათი თანმხლებნი. კანკელი სალოცავ ადგილს ასაჩინოებს, რითაც მოასწავებს, რომ ხალხი მხოლოდ მის გარეთა მხარემდე აღწევს, შიგნით კი, სადაც წმინდათა წმინდაა, არავის აქვს ნება შესვლისა, მღვდლების გარდა. მართლაც, სპილენძის კანკელი დგას წმინდა საფლავთან, რომ შემთხვევით და უბრალოდ არავინ შევიდეს მასში. ამბიონი სახეობრივად წარმოაჩენს წმინდა საფლავის ლოდს, რომელიც ანგელოზმა გადააგორა საფლავის კარიდან. მანვე უფლის აღდგომა გაუცხადა მენელსაცხებლე დედებს. წინასწარმეტყველმაც ეს გვაუწყა: „მოვაკებულ მთაზე აამაღლეთ ნიშანი. ამოდი მახარებელო და აღიმაღლე ხმა“ (ეს. LVIII.1). „მთა“ არის ის, რაც ბრტყელ და მოსწორებულ ადგილზე მდებარეობს. აღმოსავლეთისკენ ლოცვის წესი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. წმინდა მოციქულებისგან გადმოგვეცა. მიზეზი ისაა, რომ გონისეული მზე სიმართლისა, ქრისტე-ღმერთი ჩვენი, ამქვეყანაზე გამოჩნდა გრძნობადი მზის აღმოსავლეთის მხარეებში, როგორც ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი: „აღმოსავლეთი - მისი სახელი“ (ზაქ. VI.12); აგრეთვე: „თაყვანი ეცით უფალს, რომელიც აღმოსავლეთით ავიდა ცასა ცათასა“ (ფსალმ. XVII.34), ასევე: „თაყვანი ვცეთ იმ ადგილს, სადაც ფეხი დაადგა მან“ (ფსალმ. CXXXI.7), კიდევ: „ფეხს დაადგამს უფალი ზეთისხილის საუფლო მთაზე აღმოსავლეთით“ (ზაქ. XIV.4). ამას იმიტომაც ამბობენ წინასწარმეტყველები, რომ სწორედ აღმოსავლეთში მოველით ედემისეულ სამოთხეს, როდესაც მოგვენიჭება ამობრწყინება უფლის მეორედ მოსვლისა და ნათელჩენა ახალშობისა. წმინდა კვირის აღდგომისეულ დღეს მუხლთმოდრეკას არ ვასრულებთ; ეს მოასწავებს დაცემისაგან ჩვენს აღმართვას მესამე დღეს ქრისტეს აღდგომის ძალით. სულთმოფენობამდე მუხლს არ ვიდრეკთ. ესაა შვიდი დღე აღდგომის შემდეგ, გამრავლებული შვიდზე, როდესაც უნდა დავიცვათ განახლებულობა (διακαλήνεσιμος). მდვდლის თავის შეჭრა და მის თმებს შორის მრგვალად მოკვეცა მიანიშნებს ეკლის გვირგვინზე, რომელიც მიჰქონდა ქრისტეს. [64]მღვდლის თავზე დადგმული ორმაგი გვირგვინი თმათა აღნიშნულობისგან (έκ της των τριχων σημειωσεως), გამოხატავს წმიდა პეტრეს პატიოსან თავს. როდესაც პეტრე უფლის მოძღვრების საქადაგებლად გაიგზავნა, ურწმუნოებმა სასაცილოდ აიგდეს იგი და თავი მოკვეთეს. მოძღვარმა ქრისტემ აკურთხა ეს თავი, უღირსების წილ ღირსება მიანიჭა მას, დაცინვის წილ კი - სიდიადე, და დაადგა გვირგვინი, რომელიც არათუ პატიოსანი ქვებით იყო შემკული, არამედ სარწმუნოების ქვითა და კლდით ოქროზე, ტოპაზზე და სხვა პატიოსან ქვაზე მეტად გაბრწყინებული. შემკული თხემი და თორმეტქვიანი გვირგვინი მოციქულებს აღნიშნავს, ხოლო „კლდე“ - ყოვლადწმიდა მოციქულს, რომელიც არის პირველი მღვდელთმთავარი ქრისტესი. მღვდლის სამოსლის პირველსახეა აარონის პოდირი, ასე ეწოდება ფეხებამდე ჩაშვებულ უპატიოსნეს სამღვდელო შესამოსელს. ცეცხლისფერია იგი, თანახმად წინასწარმეტყველისა: „რომელმაც ანგელოზები სულებად შექმნა, მსახურები კი - ალად ცეცხლისა“ (ფსალმ. 103.4). აგრეთვე: „ვინ არის ეს, რომელიც ედომიდან გამოდის?“ (ეს. LXIII.1). („ედომი“ ითარგმნება როგორც „მიწიერი“, „რჩეული“ ანდა „წითელი“), შემდეგ მოსდევს:„მის სამოსელთა სიმეწამულე - ბოსორის ვენახისაგან... რატომ არის მეწამული შენი სამოსი და შემოსაცმელი, როგორც დასაწური საწნახელისაგან?“ აქ იგულისხმება ქრისტეს სხეულის სისხლით ღებილი სამოსელი, რაც მის უხრწნელ ჯვარზე იყო გაკრული. აგრეთვე, ის მეწამული ქლამიდი, რომელიც ვნების ჟამს ემოსა ქრისტეს; ამასვე ასაჩინოებენ მღვდელთმთავრებიც, რომლებიც ხსენებული მღვდელთმთავრის თანამოსაგრენი არიან. სარტყელშეხსნილ, ფენოლით3 მოსილ (φαινολη; casula) მღვდელთა მიმოსვლა წარმოგვისახავს ჯვარზე გასაკრავად მიმავალ ქრისტეს, რომელსაც მსგავსადვე ეტვირთა თავისი ჯვარი. გონისმიერ და ციურ მსახურთა, წინასწარმეტყველთა და მღვდელთმთავართა ზენა ბრწყინვალებაში არის ოცდაოთხი ხუცესი და შვიდი დიაკონი. ხუცესები სერაფიმულ ძალებს გამოსახავენ. ისინი ფრთების მსგავსი სამოსლით არიან დაფარულები, ბაგეთა ორი ფრთით საგალობელს წარმოთქვამენ და უპყრიათ რა საღვთო და გონისეული ნაკვერცხალი - ქრისტე, ხელთა მარწუხებით ცხადად მიაქვთ იგი საკურთხევლისაკენ. დიაკონები, რომლებიც ანგელოზურ ძალებს მოასწავებენ, მომცრო ოლართა მომცრო ფრთებით, მსგავსად მსახურებისათვის მივლენილი ღვთისმსახური სულებისა, წინ ისწრაფიან. პირველი სტიქარი, რომელიც თეთრი ფერისაა, ღმრთეების ელვარებასა და მღვდლის ბრწყინვალე მოღვაწეობას ასაჩინოებს. სტიქარის თასმები (λωρία), რომლებიც სახელოებს ახლავს, ქრისტეს შეკვრას მოასწავებს, რადგანაც ვიცით რომ კაიაფა მღვდელთმთავარსა და პილატეს შეკრული მიჰგვარეს იგი. სტიქარის გვერდითა თასმები გამოსახავს ჯვარზე გაკრული ქრისტეს გვერდიდან გადმოდენილ სისხლს. ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას, შესაკრავი სარტყელი კი იმ სიდიადეს, ღმრთეების იმ დიად შემძლეობას წარმოაჩენს, რაც ქრისტეს მეუფებამ გარეშეირტყა. [65]ფენოლი სასეა მეწამული პორფირისა, რომელიც უღმერთო მოკიცხარებმა მიართვეს მაცხოვარს. ნათლისღების სამოსიცაა იგი. მდვდელთმთავრის ომოფორი მსგავსია აარონის სამოსლისა, რომელსაც რჯულისეული მღვდელთმთავრებიც ატარებდნენ. მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ მათ, რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზადებიან თავის ჯვარს ანუ - ტანჯვაწამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი. სამონაზვნო სქემა გამოგვისახავს უდაბნოში მოღვაწე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბალნით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ჰქონდა. თმათა მთლიანი აღპარსვა მიბაძვაა იაკობ უფლის ძმისა, პავლე მოციქულისა, აგრეთვე, სხვათა. მოსასხამები ანუ ანაფორები (άναβολαία) მსგავსია იმ მოსასხამებისა, რომლებიც სამოსელზე ჰქონდათ მოციქულებს შემოცმული. კუნკული ეხმაურება მოციქულის სიტყვებს: „სოფელი ჩემთვის ჯვარს ეცვა, მე კი - სოფლისათვის“ (გალატ. VI.14). გაშლილი და სიფრიფანა მანდიონი ანგელოზთა ფრთოვანებას ასაჩინოებს. ამიტომ ანგელოზურ სქემად სახელდებენ მას. არდაგი, რითაც ღვთისმსახურებას ასრულებენ დიაკონები, ცხადყოფს ქრისტეს სიმდაბლეს, რაც მან ფეხთაბანის დროს აჩვენა. სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24). პროსკომიდია ანუ კვეთა, რაც სამკვეთლოში სრულდება, აღნიშნავს „თხემის ადგილს“, გოლგოთას, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. როგორც ამბობენ, აქვეა დაფლული ჩვენი პირველმამის, ადამის „თხემი“ ანუ მისი თავის ქალა. პროსკომიდია იმასაც ცხადყოფს, რომ ქრისტეს საფლავი ახლოს იყო ჯვარცმის ადგილთან. ხსენებული „თხემის ადგილი“ წინასწარ მოასწავა აბრაამმა, როდესაც მან ერთ-ერთ მთაზე, ღვთის ბრძანებით, ქვის საკურთხეველი ანუ სამსხვერპლო ააგო, შეშა დაუდო მას და ზედ თავისი ძე ისააკი დააწვინა, შემდეგ კი ისააკის სანაცვლოდ ვერძი შეწირა სრულნაყოფიერ მსხვერპლად (είς όλοκαρπωσιαν). ასევე, ღმერთი და მამა - დაუსაბამო და „დღეებით დაძველებული“, - აბრაამის მსგავსად არ დაერიდა, აღთქმისამებრ, თავის დაუსაბამო ძეს, რომელიც ჟამთა დასასრულს აბრაამისვე ნათესავი ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან განკაცდა. კაცთმოყვარეობის გამო მამამ „არ დაინანა მისი საყვარელი მხოლოდშობილი ძე და ყველა ჩვენგანისათვის გაიღო იგი“ (რომ. VIII.32); ივნო უფალმა იესო ქრისტემ ხორციელად როგორც კაცმა, ხოლო ღმრთეებით უვნებლად ეგო იგი და ჯვარცმად მიმავალს თვითვე ეტვირთა თავისი ჯვარი. ვერძის წილ შეიწირა ქრისტეს უბიწო სხეული. და კრავის მსგავსად დაიკლა იგი, როდესაც ლახვარმა გვერდი გაუპო მას. მღვდელთმთავარი გახდა ქრისტე როგორც ძე კაცისა; თვითვე შესწირა თავისი თავი, შეწირულმა კი ურიცხვი ცოდვილი იტვირთა. მოკვდა უფალი როგორც კაცი, აღდგა როგორც ღმერთი და ზეცად იდიდა ღმერთთან და მშობელთან ერთად. [66]ამგვარად, კვეთა ანუ პროსკომიდია გაცხადებაა უფლის ხორცისა, რომელიც მორწმუნეთა ხსნისათვის ჯვარზე დაემსჭვალა. წმინდაქმნილი „პური ქადაგებისა“ ასაჩინოებს სოფლის განწმენდასა და საღვთო გულმოწყალების აუწყავ სიმდიდრეს, რაც მაშინ გაცხადდა, როდესაც ხორცი შეისხა ღვთის ძემ, რომელმაც თვითვე თავისი თავი მსხვერპლად და შესაწირავად წინადააგო. მისმა სხეულმა გამოისყიდა სოფელი და ულხინა მას, აცხოვნა და იხსნა იგი. ცოდვის გარეშე სრულად მიიღო უფალმა თბე ადამიანური ბუნებისა, შემდეგ კი, როგორც პირველთავი ანუ რჩეული და სრულნაყოფიერი მსხვერპლი, კაცთა მოდგმის გამო ღვთისა და მამისადმი შეიწირა. თვითვე ამბობს ამის შესახებ: „მე ვარ ცით მოვლენილი პური“ (იოანე VI.51), „ვინც ამ პურს შეჭამს, იცოცხლებს უკუნისამდე“ (იოანე VI.52). ასე ამბობს წინასწარმეტყველი იერემია: „მოდით, ძელი დავაგდოთ მის პურზე“ (იერ. XI.19). ამ სიტყვებით მოესწავება ძელი ჯვარისა, რომელსაც დაემსჭვალა უფლის სხეული. „ლახვარი“ ნიშნავს იმ ლახვარს, რომლითაც განგმირეს უფლის გვერდი, ხოლო „ლახვრით განწმენდა“ იმასვე გულისხმობს, რასაც წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „დასაკლავად წაიყვანეს როგორც კრავი“ (ესაია, III.7). „ფეშხუმი“ (δίσκος) არის საცხედრე (κλινη), რაზეც მღვდლისა და დიაკონის მიერ უფლის ხორცი შეიმზადება, მღვდელი და დიაკონი კი იოსებსა და ნიკოდიმოსს წარმოადგენენ. „ღვინო“ აღნიშნავს სისხლს, რომელიც ქრისტეს გვერდიდან გადმოიღვარა. იგი გულისხმობს, აგრეთვე, იმ საიდუმლო ღვინოს, რომელიც სერობის ჟამს მოწაფეებს უძღვნა უფალმა. „წყალი“ მოასწავებს იმ წყალს, რომელიც ქრისტეს გვერდიდან გადმოედინა. მისი მხურვალება (θερμοτής) ასაჩინოებს მდუღარებას ანუ მგზნებარებას სულიწმიდისას, ხოლო სითეთრე - შეუბლალავ სარწმუნოებას. „ღვინო“ და „წყალი“ ერთად არის იგივე უფლის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „მიეცემა მას პური როგორც ჭამადი და წყალი როგორც რწმენის სასმელი“ (ეს. XXXIII.16). ამჟამინდელი „ლახვარი“ სანაცვლოა იმ ლახვრისა, რომელიც ლონგინოზმა ჯვარზე უგმირა უფალს. პური და ბარძიმი ნამდვილად და ჭეშმარიტად ემსგავსება საიდუმლო სერობას, როდესაც ქრისტემ აიღო პური და ღვინო და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ და სვით აქედან ყველამ, რადგანაც ეს არის ხორცი და სისხლი ჩემი“ (მათ. XXVI,26). ამ სიტყვებით ის გაცხადდა, რომ უფალმა ჩვენც გვაზიარა სიკვდილს, აღდგომას, დიდებას მისას. „შესაწირავი“, რომელსაც ეწოდება, აგრეთვე, „სეფისკვერი“, „ევლოგია“ ანდა „პირველნაყოფი“ (απαρχη) და რომლისგანაც სრულდება საუფლო ხორცის კვეთა, სიმბოლოა მარადიული ქალწულისა და ღვთისმშობლისა, რომელმაც მამისეული სათნოყოფით, ძისა და სიტყვის ნებით და სულიწმინდის მოსვლით მუცლადიღო ძე და სიტყვა ღვთისა, წმინდა სამებისაგან ერთი, და შვა იგი როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი. ისევე როგორც ზეციური ღმერთი, ერთ-ერთი პირი ღმრთეებისა, ხორცს ისხამს ქალწულისაგან და არის იგი სრული კაცი და სრული ღმერთი, ჩვენივე მსგავსი ცოდვის გარეშე, ასევე საუფლო პური, თანახმად დიდი ეკლესიის გადმოცემისა, მთლიანი სეფისკვერისაგან ანუ ევლოგიისაგან, როგორც ქალწულებრივი სხეულის ხორცისაგან თუ საშოსაგან, დიაკონის მიერ რკინის იარაღით ანუ „ლახვრით“ აღმოიკვეთება და სეფისკვერისგან [67]თვითგვამოვნად განცალკევდება. ამის მოქმედი დიაკონი პურთან ერთად გაამზადებს საუფლო სისხლსაც, რომელსაც სრულყოფა უნდა მიეცეს. როდესაც ვნების შესატყვისი დრო დადგება, სულიწმინდის გარდამოსვლის ჟამს, ლოცვას აღავლენს მღვდელი, დიაკონი კი საუფლო ძღვენს წინადააგებს და ემსგავსება იგი იმ ანგელოზს, რომელმაც აკურთხა ღვთისმშობელი და „გიხაროდენი“ წართქვა მის მიმართ. ნუ გავიკვირვებთ, თუკი დიაკონის ნაცვლად მღვდლები ჭრიან სეფისკვერს, რადგანაც დიდი ეკლესიის ჩვეულებას უნდა მივყვეთ ჩვენც. ამ სახით წინადაიგება სამკვეთლოში საღვთო სხეული. სამკვეთლო არის ბეთლემი, სადაც იშვა ქრისტე: „გამოსავალნი მისნი - დასაბამიდან, დღეთაგან საუკუნისა“ (მიქ. V.2). იგი მოასწავებს აგრეთვე ნაზარეთს. ამასთან, კაპერნაუმში უფლის მკვიდრობასაც სრულყოფს სამკვეთლო. შესავალში ვთქვით, რომ ყოველი ამჟამინდელი სიმბოლო ორ ან სამ იმჟამინდელ მოვლენას სრულყოფს და ემსგავსება. ამიტომ, მარტივად რომ ვთქვათ, „სამკვეთლო“ არის აღსრულება მთელი ოცდაათწლიანი ჟამისა ანუ უფლის ცხოვრებისა ნათლისღებამდე. ბარძიმი სანაცვლოა იმ ჭურჭლისა, რაშიც შეგროვდა უხრწნელი გვერდიდან გადმოდენილი სისხლი, აგრეთვე, ქრისტეს ხელთა და ფეხთაგან ჩამოღვრილი წმინდა მირონი (άπομύρισμα). „ტაკუკი“ არის გამოსახსნელი სასმისი, რაც უფალმა უბოძა მის მოწაფეებს სერობის ჟამს. ზოგჯერ ბარძიმი ნაცვალია ტაკუკისა. მასში ღვთის ძემ და „სიბრძნემ“ ღვინის ნაცვლად თავისი სასხლი განაზავა, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე დადგა იგი და ეს თქვა: განზავებული ღვინის წილ „აქედან სვით ყველამ, მისატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“. „ტაკუკი“ განიმარტება, აგრეთვე, როგორც ღვთისმშობლის სასძეურები ან კიდევ, როგორც მხსნელი სასმისი სიხარულისა ანდა, როგორც მოკვდავთა მფარველი. „სამკვეთლო“, სადაც პროსკომიდია ანუ წინადაგება, იგივე კვეთა აღსრულდება, ნიშნავს „თხემის ადგილს“ ანუ გოლგოთას. „შესახვეველი“ ანუ „ილიტონი“ (είλητόν) გულისხმობს იმ სინდონს ანუ არმენაკს, რომლითაც „შეგრაგნეს“ ჯვრიდან გარდამოხსნილი და საფლავზე დადებული გვამი ქრისტესი. ფეშხუმის ზემოთა საფარველი ნიშნავს იმ ტილოს, რომლითაც შეგრაგნეს უფლის სხეული. თვით ფეშხუმის საფარველი ანუ ფეშხუმის „დაფარნა“ მონაცვლეა იმ სუდარისა, რომელიც სახეზე ეფარა საფლავში ჩასვენებულ მაცხოვარს. დიდი საფარველი ანუ დიდა „დაფარნა“, იგივე პერექლი, აღნიშნავს იმ ლოდს, რომლითაც იოსებმა დაფარა საფლავი. შემდეგ მცვლებმა ეს საფლავი ფილაქვით დაბეჭდეს. აჰა, ვხედავთ, რომ ჯვარს ეცმის უფალი, დაიფლვება ცხოვრება, იბეჭდება საფლავი. „სასაკმევლე“ ასაჩინოებს ქრისტეს კაცებას, „ცეცხლი“ - ღმრთეებას: „სურნელოვანი კვამლი“ მოასწავებს იმ კეთილსურნელებას, რაც სულიწმიდისაგან გამოდის. „სასაკმევლე“ განიმარტება როგორც „უმეტესად სურნელოვანი სიხარული“. „საკმეველი“ აღნიშნავს იმ ნელსაცხებლებს, რომლებიც უფლის დასასაფლავებლად იყო მიტანილი; მოგვებისაგან მირთმეული მური და გუნდრუკი გულისხმობს წმინდა ლოცვას კეთილ საქმეთა გამო, რადგანაც სწორედ მათგან გამოდის [68]კეთილსურნელება; ამის შესახებ ამბობს მოციქული: „ქრისტეს სურნელება ვარო“ (II კორ. II.15). უწყოდეთ ყოველთა მღვდელთა, რომელნიც წმინდა საკურთხეველს მიეახლებით და უსისხლო მსხვერპლს სწირავთ, რომ ქრისტეს ცხოველ ვნებებს ვქადაგებთ ჩვენ. მღვდელთმთავარი ჟამს განუჩენს იმ მღვდელს, რომელიც საღვთო მესაიდუმლეობას უნდა შეუდგეს. აქ იგულისხმება იოანე ნათლისმცემლის შობისა და ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების ჟამი, მოსწავებული ესაია წინასწარმეტყველის მიერ (იხ. ესაია 7.14). მღვდელი, რომელიც საღვთო ლიტურგიას იწყებს, სახეა იოანე ნათლისმცემლისა და წინამორბედისა, რომელიც წინასწარვე ქადაგებდა და ამბობდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა“ (მათე III.2), და რომელიც ნათელსცემდა მასთან მისულს ყველას. „დიაკონები“ არიან მწყემსები, ხოლო „მღვდლები“ - ანგელოზები. დიაკონი ამბობს: „კურთხეულ ხარ, უფალო!“ მღვდელი: „კურთხეულ არს სასუფეველი მამისა და ძისა და სულიწმინდისა“. ამგვარად, ვედრებათა უწინარეს, დიდებისმეტყველებას განაწესებს მღვდელი და ვიდრე ლოცვასა და მღვდელმეტყველებას შეუდგებოდეს, უპირველესად ღმერთს ადიდებს. მაგრამ, რატომ წარმოთქვამს ღმერთს სამებით და არა ერთებით, ე.ი. ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: „კურთხეულ არს ღმერთი“ ანდა „კურთხეულ არს სასუფეველი ღვთისა“, რატომ განყოფს იგი ღმერთს სამ პირად და რატომ ამბობს: „კურთხეულ არს სასუფეველი მამისა და ძისა და სულიწმინდისა?“ ეს იმიტომ, რომ ადამიანებმა მხოლოდ უფლის განკაცების შემდეგ შეიცნეს სამპიროვნება ღვთისა. მთელი მღვდელმსახურება ქრისტეს განკაცების მესაიდუმლოებას წარმოადგენს. ამის გამო გვმართებს, მღვდელმსახურების დაწყების ჟამს, უპირველესად სწორედ სამება გავაცხადოთ და ვქადაგოთ იგი. ზენა ძალთაგან სამწმინდაარსობით იდიდება ღმერთი, კაცთა მიერ კი იკურთხება სასუფეველი ქრისტესი, რომელმაც ღმრთეების ძალით მოიალაფა ჯოჯოხეთი და გვიხსნა ჩვენ. „ამინ“ ნიშნავს „ჭეშმარიტად“ ანდა „იყავნ“. სიტყვები „უკუნითი უკუნისამდე“ კვამლში გახვეულ ბაბილონის ქალაქს მოასწავებს, რადგან უფალმა მისი მონების სისხლი ბაბილონის ხელთაგან მოიძია. ქალაქის მკვიდრთა დასჯით ქველმოქმედება აღასრულა მან და განაქარვა ცოდვა. ------------------------------------------------------------ შენიშვნები 1 - „მარგალიტებს“ უწოდებენ წმინდა პურის ნამცეცებს (PG. 98, col. 388). 2 - კიბორიონი - ძვ. ქ. „კივურიაჲ“ ანუ „კუბოჲ“. 3 - „ფენოლი“ - შესაძლოა იგულისხმებოდეს „ფელონი“ ანუ „ფილონი“. ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ „სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ. II, თბილისი, 2004 წ. კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები | |
| |
Views: 2144 | Downloads: 0 | |
Total comments: 0 | |