წმიდა მიქაელ-გობრონის ცხოვრება
2017-12-02, 1:03 AM |
914 წელს არაბები უკანასკნელად შემოესივნენ ამიერკავკასიას. ხალიფას უზარმაზარ ლაშქარს სარდალი აბულ კასიმ აბუსაჯის ძე მოუძღოდა. ცეცხლითა და მახვილით მოედნენ სარკინოზები სომხეთს, მოაოხრეს მისი დიდი ნაწილი და ,,სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა’’ სომხეთიდან საქართველოში შემოიჭრნენ. აბულ კასიმი ჯერ თბილისს მივიდა, შემდეგ კახეთში გადავიდა. იმ დროს უჯარმის ციხეს სამასი ქართველი მეციხოვნე იცავდა. განუწყვეტლივ მიჰქონდათ იერიში მასზე, თუმცა უშედეგოდ. მერე თვითონ მიატოვეს უჯარმა მისმა დამცველებმა, შეატყვეს რომ ურიცხვ მტერს ვეღარ გაუმკლავდებოდნენ. ასე დაეუფლა აბულ კასიმი ბოჭორმისა და უჯარმის ციხეებს. შემდეგ კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსთან ზავი დადო და უჯარმა დაუბრუნა.
სარდალი კახეთიდან ისევ ქართლს შემოესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე გურგენ ერისთავთ-ერისთავი იყო. ოცდარვა დღე იგერიებდნენ სარკინოზთა გაშმაგებულ იერიშებს ყველისციხის დამცველნი. მეციხოვნეებს სათავეში ჩასდგომოდა ახალგაზრდა მხედარი გობრონ. მის სიმამაცეს და სიმხნევეს მტერი და მოყვარეც კი განეცვიფრებინა. ციხის გარეთ გამოიჭრებოდნენ ხოლმე ქართველები გობრონის მეთაურობით, ხელჩართულში ჩაკაფავდნენ მტერს და ისევ კედლებს შიგნით გაუჩინარდებოდნენ.
არაბებმა ,,განხურიტნეს კლდე და განარღვიეს ზღუდე’’ და შეიჭრნენ ციხის შუაგულში. გობრონი ისევ წინ წამოიჭრა. ქართველებმა ფიცხელი შეტევით უკუაქციეს მტერი და კვლავ ციხის გარეთ გამოდევნეს. არაბთა გვამებით გაივსო ციხე. თუმცა, არაბებმა მალე ისევ განაახლეს იერიშები. აიღეს ყველისციხე და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი 133 მეციხოვნე, მათ შორის გობრონიც.
ადარნასე მეფემ დიდძალი საფასის გადახდის შემდეგ შეპყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და განემზადა ქრისტესთვის სიკვდილისათვის.
აბულ-კასიმმა გადაწყვიტა უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია. ქრისტეს სჯულის სანაცვლოდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა. წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო, რომ არ აპირებდა რჯულის დათმობას დროებითი სიკეთეებისათვის.
წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ჯერ დახოცილი თანამებრძოლები, შემდეგ კი – აღთქმული სიმდიდრენი. გობრონის თვალწინ ჩაანაკუწეს და ჩაკლეს შეპყრობილები. ზოგი ისრით, ზოგი შუბით, ზოგი მახვილით. არცერთ ქართველს სიკვდილისას პირზე ღიმილი არ მოშორებია. ეცემოდნენ და ეხლებოდნენ განგმირულ თანამოძმეთა და თანამებრძოლთა გვამები გობრონს, ქართველთა თავები გორავდნენ მის ფეხებთან, დახოცილთა სისხლი ექცეოდა მის ტანს და სახეს. გობრონი კვლავ ურყევად იდგა. სარკინოზებმა მას თმაში ჩაავლეს ხელი, ქედი დაადრეკინეს და ორჯერ მსუბუქად სცეს ხმალი.
სისხლმა იფეთქა გობრონის კისრიდან.
უცებ ხელი შეიღება თვისსავე სისხლში და სისხლითვე შუბლზე ჯვარი გამოისახა და მადლობა შესწირა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა.
სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ უშედეგოდ.
,,იქმოდე რაიცა გნებავს. მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანულად დავრჩები აწ და მარადის!’’– თქვა უკანასკნელად გობრონმა. განრისხებულმა აბულ კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრანებით სამი დიდი სამარე გათხარეს. სამ ნაწილად ჩააწვინეს დახოცილი ქართველები. ერთ მათგანში იწვა გობრონი. ქრისტიანებს საფლავთან ახლოს მისვლა აუკრძალეს.
ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ქრისტესათვის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირს ახალი სახელი, მიქაელი უწოდა და წმინდანად შერაცხა. წმინდანის წამება 914 წლის 17 ნოემბერს მოხდა, მისი და ამავე დღეს მოკლული 133 მეომრის ხსენების დღედ 17 (30) ნოემბერია მიჩნეული.
გობრონ-მიქაელის გმირობისა და მარტვილობის ამბავი აღწერილია მისი თანამედროვე ტბეთის ეპისკოპოსის, სტეფანე მტბევარის მიერ.
წმინდა მიქაელ-გობრონის
ტროპარი
მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი
ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.
მოამზადა თეონა ნოზაძემ
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |