2013-12-15, 6:55 PM |
წმიდა მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი ახალი - ყანჩაველი (ერობაში - იესე) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იყო წმინდანი, როცა ბიძამ განდეგილობაში მოღვაწე ბერდიაკონმა სტეფანემ, ღვთის ჩაგონებით, თავისთან წაიყვანა. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა - კურთხევისათვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა ურჩია: "შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნება."
შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით ჰყოლოდა მოძღვარი და მრჩეველი.
მეფის მორჩილმა იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიის პრესვიტერად დაადგინეს.
1801 წელს ქართლ - კახეტის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე. სოლომონ II-მ მოიწვია დიდებულთა საბჭო და დაადგინეს, რადგან მეფეს არ ჰყავდა ტახტის მემკვიდრე, მის გარდაცვალებამდე იმერეთს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ერთმორწმუნე რუსეთთან ძმურ ურთიერთობაში ყოფილიყო, მეფის სიკვდელის შემდეგ კი იმერეთში უნდა ემოქმედა იმპერიის კანონმდებლობას.
ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მალე მეფე სოლომონს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამეფო. მეფის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში "საპატიო" მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. დაიწყო უკანასკნელი, უსიხარულო ეტაპი მისი ცხოვრებისა. პროტოპრესვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე - მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა.
სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.
ამის შემდეგ მამამ იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის იმპერატორისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ცხოვრობდა. მამა იესემ მარიამს იმერეთის მეფის უკანასკნელი დღეების შესახებ მოუთხრო, შემდეგ კი დედოფლის თხოვნით, სასახლის კარზე დარჩა. მან მოსკოვში ჩაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც მეფე სოლომონის საკუთრება იყო. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა.
მეფის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.
ათანელ ბერებს წმიდანი სიწმიდეთა დასათვალიერებლად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერიონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.
1821 წელს წმიდანი ბერად ეკურთხა და ილარიონი ეწოდა. აღკვეცისას მას ახალი სამოსი მოუმზადეს, მაგრამ ითხოვა, ისევ დაკონკილი ძონძებით შეემოსათ.
მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მძიმე მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვისას მამა ილარიონი დაინახა ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო, ხელებზე ეამბორა, თან დაიძახოდა: "მამა იესე! მამა იესე! წმიდა მოძღვარი! მეფის მოძღვარი!" მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდამ მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.
ამ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ - ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან, კუმიცაზე დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილი აფხაზეთიდან. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საცხოვრებლად საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.
ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ღვთისმგმობელი ფაშა განაგრძობდა ქრისტიანთა წამებასა და ხოცვა-ჟლეტას. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას. მამა ილარიონმა სასტიკად ამხილა ფაშა ურწმუნოებისა და სისასტიკისათვის: "შენ ქრისტიანის მშობლების შვილი ხარ და ასე სასტიკად, ჭეშმარიტად მხეცურად იქცევი, რომ ჩაახშო ქრისტესაგან განდგომით გამოწვეული სინდისის ქენჯნა". ფაშამ სიცილით უპასუხა: "პირიქით, მე იმდენად მოხარული ვარ სასაცილო ქრისტიანული რწმენის თავიდან მოშორებით, რომ როცა ჩემთან მოვიდა ის, ვინც მშობლებს მომტაცა და თურქებს მიმყიდა, ბაქშიში (ჯილდო) ვუბოძე. თქვენი რწმენა ჭეშმარიტი და ღვთის სათნო რომ იყოს, ღმერთი მტრების ხელში არ ჩაგაგდებდათ. და ისინი არ დაგჩაგრავდნენ ყველგან და ყოველთვის." წმინდანმა მიუგო: "ფაშა, შენ ყველაფერი მცდარად გესმის. განა მამა არ მოიმარჯვებს წკეპლას ცელქი შვილის დასასჯელად? მაგრამ ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ გულიდან ამოიგდოს შვილი, არამედ გამოსასწორებლად. როცა მას გამოსწორებულს დაინახავს, გადატეხავს წკერპლას და ცეცხლს მისცემს." თქვენც ჩვენი ცოდვების გამო მოგიშვათ ჩვენზე ღმერთმა, თქვენ წარმოადგენთ კვერთხს ღვთის ხელში, მაგრამ როცა გამოსწორებულს გვიხილავს, ამ უსარგებლო ნივთს ცეცხლში მოისვრისო...
წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან და სასტიკად ამხელდა, ყოველნაირად ცდილობდა, გაეღიზიანებინა და ფაშასგან სასიკვდილო განაჩენის გამოტანით მოწამეობრივად დაესრულებინა სიცოცხლე.
მეოთხე დღეს მამა ილარიონი კვლავ ეახლა ფაშას და მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: "როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?" მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო.
მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: "სიკვდილი მაგას!" და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა კარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე ძვლივს შეგვხვდა და ისიც რომ მოვკლათო.
წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მას მოყვასის სიყვარულის გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.
წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვაბულებში, შემდეგ კი, უფრო მძიმე ღვაწლი იტვირთა - წმ. პავლეს მონასტრის გოდოლში დაეყუდა. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რამდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა- ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს.
ერთხელ მომლოცველთა ჯგუფმა დაყუდებული ბერის ნახვა მოიწადინა. მათ ცოცხალი კიბის გაკეთება გადაწყვიტეს. ერთმანეთზე შედგნენ, რომ როგორმე სარკმელს მისწვდომოდნენ. ბერმა, დატოვა სენაკი და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო.
მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში, რუსიკში...
ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით "ყვავილნარი". წიგნებში, ძირითადად, წმინდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულ ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.
მამა ილარიონი გარდაიცვალა რუსიკის სავანეში წმიდა გიორგის - მის მიერ გამორჩეულად საყვარელი წმინდანის სახელობის სენაკში 1864 წლის 12 თებერვალს. სიცოცხლის მიწურულს იგი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. " დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადავიტან". სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა.
მამა საბა სხვადასხვა გარემოებებმა აიძულა, საიდუმლო გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა და მის ღამისთევის ლოცვისას ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.
ერთ მეუდაბნოეს სწორედ ამ დროს მამა საბას სენაკის თავზე უხილავს მზის მსგავსი მნათობელი სფერო, რომელიც სხივებს აფრქვევდა: სიცოცხლეშივე სასწაულებით გაბრწყინებული წმიდანი უფალმა სიკვდილის შემდგომი სასწაულებითაც ადიდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმინდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.
მასალის წყარო: Orthodox.Ge
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |