სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი) - წმინდა პილადისგან
2014-05-19, 8:19 PM |
"ერთ ქალაქში მძიმე ცოდვებით შებილწული მავანი ყმაწვილი ცხოვრობდა. ერთხელაც, ღვთის განგებით, იგი გულშემუსვრილობაში მოვიდა თავისი ცოდვების გამო; სინანულით აღვსირლი წავიდა სასაფლაოზე და ერთ-ერთ საფლავში ჩაიკეტა. იქ, მიწაზე პირქვე დამხობილი, გულის სიღრმიდან მძიმე ოხვრას გამოსცემდა და თავის წინანდელ ცხოვრებას მწარედ დასტიროდა.
ასე გავიდა ერთი კვირა და აი, გამოეცხადნენ მას ეშმაკები, - ადრე რომ ცხოვრებას უწამლავდნენ, - და შეჰყვირეს:
- აი, თურმე სად ყოფილა ეს განრყვნილი! ამდენი ხანი განცხრომით იცხოვრა ცოდვებში და ახლა, ვითომც არაფერიაო, წარმოგვიდგა აქ წმინდად და პატიოსნად! გვიანია, ძმაო! კეთილი ქრისტიანი შენგან უკვე აღარ დადგება. ყელამდე ჩაფლული ხარ ჩვენს ვნებებში, - რისი იმედი გააქვს? სჯობს, ადგე და წამოხვიდე ჩვენთან ერთად და ძველებურად განაგრძო ცხოვრება: მეძავები და დუქნები გელოდებიან. ნუთუ არ წამოხვალ ვნებების დასაკმაყოფილებლად? შენთვის ყველა იმედი გადაწურულია, მალე სამსჯავრო გელის. ტყუილად დარდობ და წინასწარ იკლავ თავს, სასჯელი მაინც არ აგცდება და სჯობს გაერთო, სანამ კიდევ გაქვს დრო. რაც კი უკანონო იყო, ყველაფერი გიგემია და სწორედ ამიტომ ხარ ჩვენს ხელმწიფებაში, და ამის შემდეგ კიდევ ბედავ ჩვენგან გაქცევას? ან იქნებ არ გვეთანხმები? რას გაჩუმებულხარ? წამოხვალ თუ არა ჩვენთან?
ჭაბუკი ტირილს განაგრძობდა, არ პასუხობდა, თითქოს არ ესმისო. მაშინ ეშმაკებმა, რაკი საწადელს ვერ მიაღწიეს ხელი სტაცეს და ცემა დაუწყეს, ბოლოს ნაწამები ჭაბუკი ძირს დააგდეს და წავიდნენ. ჭაბუკი უმოძრაოდ დარჩა და შეუწყვეტელი სინანულით განაგრძობდა ტირილს. ნათესავები კი მთელი ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ მას და ბოლოს, როგორც იქნა, მიაკლიეს. როდესაც გაიგეს, რაც შეემთხვა, მოინდომეს მისი სახლში გადაყვანა, მაგრამ ჭაბუკი არ დათანხმდა. მეორე ღამით ეშმაკები კვლავ მივიდნენ და კიდევ უფრო აწამეს, მაგრამ როდესაც მისი ნათესავები დაბრუნდნენ, მან ისევ უარი განაცხადა იმ ადგილის დატოვებაზე.
- სჯობს მოვკვდე, ვიდრე ისევ იმ სიბინძურეში აღმოვჩნდე, - უთხრა მან ნათესავებს.
მესამე ღამეს ეშმაკებმა ისე ძლიერ აწამეს, რომ ძლივს ცოცხალი გადარჩა.
როდესაც მზაკვრები დარწმუნდნენ, რომ ჭაბუკი არ დანებდებოდა ყვირილით დაიხიეს უკან:
- შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვე, გაიმარჯვე!
ამის შემდეგ ჭაბუკს ცუდი არაფერი შემთხვევია და თავისუფლად განაგრძო ღვაწლი სიწმინდესა და სათნოებებში; სიცოცლის ბოლომდე იცხოვრა იმ საფლავში. შეუპოვარი მოღვაწე ღმერთმა სასწაულთმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა და სხვა უნარიც მრავლად შესძინა".
მასალის წყარო: წიგნი - სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი) - I ტომი - წიგნი პირველი
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |