რატომ არ ხარ ეკლესიაში? / ratom ara khar eklesiashi?

2014-01-14, 11:09 AM


მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. შეიძლება, მუდამ დადიხარ ტაძარში, ანდა სულაც დიდი ხანია განდგომილი ხარ მისგან. შეიძლება საერთოდ არ დადიხარ წირვაზე ან იშვიათად გამოჩნდები, მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე: აღდგომას, შობას ან ნათლისღებას.

ნუთუ ფიქრობ, რომ ღვთის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა?

კარგია იცოდე, რამდენ რამეს ართმევ საკუთარ თავს! მაგრამ არ იცი და ამაშია შენი უბედურება. აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული, ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა. ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ, ამიტომ ტაძრებს და საკურთხევლებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმართავ ადგილებზე. ქალაქების ცენტრებში და მთებზე.

ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი. ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდი და პატარა გუმბათები. და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა. როგორც ჩვენს გარშემო არსებული წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა, ასევე ჩვენს სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა.

რისგან იტანჯება დღეს საზოგადოება? ძალაუფლების მქონე ადამიანებისაგან, მტრობისა და უსამართლობისაგან. ეკლესიაში ყველანი, ღვთის მონები, საერთო მემკვიდრეობის – ცათა სასუფევლის მქონე ძმები არიან და ეზიარებიან ერთი წმინდა ბარძიმიდან.

რა თქმა უნდა, ეკლესიური გარემო, მისი მშვიდი ატმოსფერო გვმატებს სულიერებას. ნუთუ არ ვიცით ეს გამოცდილებით? ფსალმუნები, გალობა, ლოცვები, საკმევლის კმევა, წმინდანთა ხატები და პირველ რიგში საღმრთო ლიტურგია აღგვამაღლებს.

გარემოცულნი ვართ მორწმუნეთა თბილი ღვთისმოსაობით, მრევლის გულისამაჩუყებელი წუხილით. ეჭვგარეშეა, ეკლესიაში ყოფნა სულიერად აღგვამაღლებს.

ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია, ბევრი გაჭირვება, ბევრია გამოცდაც. ვის მივმართოთ დახმარებისათვის? ძალაუფლების მქონე ადამიანებს ? მაგრამ ისინი ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არც ყველა სიტუაციაში შეუძლიათ დახმარება. და მოდიან ადამიანები ეკლესიაში, როგორც ქარიშხალს გამორიდებული გემები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "ღმერთმა დააარსა ეკლესია, როგორც ნავსაყუდელი, რათა ცხოვრების ზღვის ხმაურისა და მღელვარებისაგან შეფარებული ხალხი დატკბეს დიადი სიმშვიდით.” ეკლესიაში იძენ ძალებს, რათა წინ აღუდგე ცხოვრებისეულ უწესრიგობას. თუ ტაძარში დადიხარ, უფალი გიცავს ყოველგვარი თავდასხმისა და უბედურებისაგან, რომლებზედაც შენ წარმოდგენც კი არა გაქვს.

ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში იმიტომ, რომ არ მოსწონს მღვდელი, მგალობლები და მრევლი. მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში? ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად? სხვები კარგები არიან თუ არა, ეს შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა, რათა ღვთისგან მიიღო შენდობა. ხოლო მღვდლებს, კარგები არიან ისინი თუ ცუდები, ღმერთი განსჯის. ისინი თუნდაც ცუდები იყვნენ, ღვთის მსახურები არიან, მათ ღვთისგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხევის მოცემისა და ცოდვების მოტევებისა. თუ მეფემ მიგიწვია სასახლეში დასაჯილდოებლად, არ წახვალ მხოლოდ იმის გამო, რომ სასახლის განმკარგულებელი არ მოგწონს? ტაძარში მოდიხარ არა მღვდლისთვის და არა მგალობელისათვის, არამედ ქრისტესთვის, იმიტომ, რომ მიიღო ის, რასაც ღმერთი მოგცემს მღვდლის მეშვეობით.

`სადა მაქვს თავისუფალი დრო? – წამოიძახებს დიასახლისი, - სახლი დასალაგებელია, სადილი მოსამზადებელი.” მაგრამ ვინ გაიძულებს მიატოვო საშინაო საქმეები? კარგ დიასახლისს წინა საღამოს ყველაფერი მზად აქვს. ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია. ვისაც ესმის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა, არა მარტო საშინაო საქმეებს აგვარებს, არამედ ბევრ სხვასაც.

მამაკაცები ამბობენ: "ვინ ამბობს, რომ ეკლესია ცუდია? მაგრამ ჩემი საქმე როდისღა გავაკეთო?”

ჩემო ძვირფასო! ნუთუ არ გეყო მთელი კვირა რათა მოგემთავრებინა ყოველდღიური საქმეები? დაიმახსოვრე: კვირას ნაშოვნი ფული, ეს ცეცხლია, რომელიც დაწვავს დანარჩენსაც. რამდენიც გინდა იმუშავე, ღმერთი მაინც იმდენს მოგცემს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის.

ამის გარდა, კვირა დღე ღვთისაა, იგი მას უნდა მიუძღვნა. ამ დღეს მთავარი საზრუნავია: ეკლესიაში წასვლა, ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენა. და რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით. ხაზს ვუსვამ: მთელი ოჯახით, რადგანაც თუ ბავშვები პატარობიდანვე არ მიეჩვევიან ტაძარს, ისინი არ შევლენ იქ შემდეგაც.

კვირას საჭიროა საკუთარ სულზე ზრუნვა. ნუთუ ადამიანს სხეულის გარდა სულიც არა აქვს? ნუთუ სული მეტი არ არის ხორცზე?

გარდაცვალების შემდეგ როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას, თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი, როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას?

მომავალ ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ, ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: "რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე," მაგრამ გვიან იქნება. ვინც არ გაისარჯა ამ ქვეყნად ღვთის სამსახურში, მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ.

და მართლაც ფაციფუცში ბევრს ავიწყდება ეკლესია. კვირა დღეს ისინი ფუჭად ფლანგავენ დროს და სჩადიან ცოდვებს. ეს უბედურებაა! ის ვინც არ დადის ეკლესიაში, არ შეიძლება გაიგოს, რა საუნჯეს იკლებს. წარმოვიდგინოთ, რომ კვირა დღეს ტაძარში ყოველ მომსვლელს, მღვდელი აძლევდეს 100 ლარს. რას იტყვით? დაიწყებდით მიზეზების ძებნას, რომ არ წასულიყავით? ეჭვი არ მეპარება, რომ გამთენიისას მიხვიდოდით, მღვდელზე ადრე! ქრისტე 100 ლარს კი არ გვაძლევს, არამედ სულის უკვდავებას, ცათა სასუფეველს, სიყვარულს, სიმშვიდეს, სიხარულს, სამართლიანობას. ამასთან ერთად ხორციელ საზრდოსაც ხომ ღმერთი გვაძლევს? ამიტომ მორწმუნე კვირას მიდის ეკლესიაში.

შედგენილია არქიმანდრიტი ხარალამპის წიგნის მიხედვით: `რატომ არა ხარ ეკლესიაში?





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: rwmenashi gadzliereba, SIYVARULI, rwmena, arqimandriti, არქიმანდრიტი ხარალამპი, რატომ არ ხარ ეკლესიაში, ratom ara khar eklesiashi, martlmadidebloba Views: 2928 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: