წმიდა მოციქული ბართლომე (+71)
2016-03-24, 1:55 AM |
სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. მართლაც, ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათა ადამიანები ცხოვრებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.
მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.
ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა ეს წმიდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.
ლიდიიდ ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ძალზე ბევრი ბევრი იყო კერპები, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ მოაკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთთაყვანისმცემლები.
წმიდა ფილიპე თავის დასთან - მარიამნასთან - ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმიდა იოანე ღვთისმეტყველივ შეეწეოდა. წმიდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში, ბართლომე, ფილიპე და მარიამნა და ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო; ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა და უკვე ორმოცი წელი იყო თვალისჩინი დაეკარგა. წმიდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ რაც წმიდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქ მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმიდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმიდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.
ჰიეროპოლის ქალაქის თავის - ნიკანორის მეუღლე გველისაგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმიდა მოციქულები იმყოფებიან და ოდენ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებათ; ქმრის არყოფნის ჟამს ამ სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც - გველის ნაკბენისაგან და სულიერიც - ეშმაკისმიერი ცდუნებისაგან, რამეთუ მოციქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს - შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო, საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე ბრძანა შეეპყროთ მოციქულები, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ, და წმიდა მოციქულები - ბართლომე და ფილიპე, მარიამნასთან ერთად, გინებით, ცემით და შეურაცხყოფით ათრიეს ქალაქის ქუჩა-მოედნებზე და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. შემდეგ ქალაქის თავი მსაჯულის ადგილას დაჯდა, მოაყვანინა წმიდანები და მათს გასამართლებას შეუდგა. სამსჯავროზე მრავალი კერპთთაყვანისმცემელი ქურუმი მოვიდა, მათ შორის - მოციქულთაგან მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ. ყველა ისინი საჩივრით წარსდგნენ ქალაქის თავის წინაშე უფლის მოციქულთა წინააღმდეგ და გაიძახოდნენ:
- მოაკვდინე ეს მოგვნი, ქალაქის თავო!
- შური იძიე ჩვენი „ღმერთები“ უპატიო-ყოფისათვის!
- სასტიკად დასაჯე ესენი, დიდო მსაჯულო, რამეთუ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ, ჩვენი დიადი „ღმერთების“ საკურთხევლები დაცარიელდა!
- მოკალი ეს მტრები, ჰოი, მთავარო, რამეთუ ამათი მიზეზით ხალხმა დაივიწყა ჩვენი „ღმერთები“, აღარ შესწირავს მათ ჩვეულ მსხვერპლს და მთელი ქალაქიც უსჯულოებით აღვისო!
- სიკვდილი მაგათ, რადგან სწორედ მათ მოაკვდინეს ჩვენი ქალ-ღმერთი იქედნე!
ამას კერპთაყვანისმცემლები ერთხმად მოითხოვდნენ, და მაშინ ქალაქის თავმა ნიკანორმა ბრძანა შესამოსელთაგან განეძარცვათ წმიდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე, რადგან ჰგონებდა ჯადოს ძალა შესამოსელში აქვთ დამალულიო. მაგრამ როცა ვერაფერი აღმოუჩინეს, ახლა წმიდა მარიამნასაც მიუახლოვდნენ, რათა მისი ქალწულებრივი სხეულიც განეშიშვლებინათ, მაგრამ როგორც კი დააპირეს ხელით შეხებოდნენ მის შესამოსელს, ანაზდად მარიამნა საოცარი ნათლით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც უკეთური მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოებოდნენ. წმიდა მოციქულებს კი ქალაქისთავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა.
პირველად წმიდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა, იქედნეს საკერპე ბომონის კართა წინ, თან ამ დროს ქვებსაც ესროდნენ. მერმე მტარვალებმა წმიდა ბართლომეც ჯვარს აცვეს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს, ანაზდად, დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს - ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც - შიშის თავზარი დაეცათ, და ტირილით ევედრებოდნენ წმიდა მოციქულებს, შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო. ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა დაიწყეს. წმიდა ბართლომე არც თუ ისე მაღლა ეკიდა ჯვარზე და იგი მალე ჩამოხსნეს. მაგრამ ფილიპე ძალზე მაღლა იყო დაკიდებული და მის ჩამოხსნა ვერ შესძლეს სწრაფად; ეს იმიტომ მოხდა, რომ მაღალი ღმერთის განგებით, მისი წმიდა მოციქული ამ ვნებათა და ჯვარზე სიკვდილის გზით ამაქვეყნიდან ზეცად გადასხლებულიყო, რომლისკენაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მიმართული ყველა მისი ზრახვა, ქმედება და მისწრაფება. თავდაყრია ჯვარზე გამოკიდული წმიდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევებინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავის სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას უკანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქისა თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმიდა ნათელის მიღებისა.
როცა ბოლოს წმიდა ფილიპეც ჩამოხსნეს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული. მისი ღვიძლი და, მარიამნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ იქვე იდგა და თვალს ადევნებდა ფილიპეს ტანჯვასა და სიკვდილს, ახლა სიყვარულით ეხვეოდა და ეამბორებოდა მის სხეულს და სიხარულით აღივსებოდა იმის გამო, რომ ფილიპე ღირს-იქმნა ქრისტესთვის ვნებულიყო (მისი ხსნება აღესრულება 14 ნოებერს).
წმიდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახლადქმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა. ქრისტეს ამ ახალმა მორწმუნეებმა დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმიდა მოციქულ ფილიპეს სხეული. იმ ადგილას, სადაც მოციქულის წმიდა სისხლი დაიღვარა, სამ დღეში ვაზი ამოიზარდა! ეს სასწაული იმის ნიშნად აღსრულდა, რომ თავისი, ქრისტეს სახელისათვის დაღვრილი, სისხლისათვის წმიდა ფილიპე საუკუნო ნეტარებით დასტკება უფლისა თანა ცათა სასუფეველში.
ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმიდა ბართლომემ, ნეტარ ქალქულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლისში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში განამტკიცებდა ახლადდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორთავ თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა კილაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს); ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაჰყო, დაშვრებოდა იესო ქრისტეს ხარებით, მოვვლიდა მრავალ ქალაქს თუ სოფელს და ყველგან განკურნავდა სნეულთ მისი სახელით. აქ მრავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახლადმოქცეულთ გადასცა იგი. მათვე დაუტოვა ებრაულ ენაზე დაწერილი სახარებაც, რომელიც ასი წლის შემდეგ ქალაქ ალექსანდრიაში ჩაიტანა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა პანთენემ (იგი III საუკუნეში ცხოვრობდა და ალექსანდრიის სკოლის ერთ-ერთი უგამორჩეულესი მოძღვარი იყო, სადაც ეკლესიის ბევრმა წმიდა მამამ მიიღო ქრისტიანული განათლება).
ინდოეთიდან წმიდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მიდი გამოჩენისთავავე აქ კერპები, ანდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, კერპებში დამკვიდრებული დემონები, დადუმდნენ, უკანასკნელად კი ასე წამოიძახეს, ბართლომე გვტანჯავს და მალე განგვდევნისო. და მართლაც, წმიდა მოციქულის მიახლოებითაც კი ბოროტი სულები განიდევნებოდნენ არამხოლოდ კერპებიდან, არამედ მრავალი ადამიანისაგანაც. ამ სასწაულის გამო ბევრნი მიაქცეოდნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე.
იმ ქვეყნის მეფეს პოლიმიოსს ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა, რომლის ბაგითაც ეშმაკმა იწყო ღაღადება ბართლომეს ჩასვლისთანავე:
- ჰოი, ბართლომევ, აქედანაც განგვდევნი ჩვენ!
ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა დაუყოვნებლივ მოეძიათ ბართლომე და მასთან მიეყვანათ, და როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულ ასულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის გამო მადლიერებით აღვსილმა მეფემ ოქრო-ვერცხლით, მარგალიტითა და სხვა ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები გაუგზავნა წმიდა ბართლომეს. სულიერი სიგლახაკით აღვსილმა მოციქულმა კი ყოველივე ეს უკანვე დაუბრუნა მეფეს და თან შეუთვალა:
- მე ესევითარ ნივთებს კი არ შევიძენ, ადამიანთა სულებს მოვიპოვებ ღმერთისთვის! და თუ მოვიპოვებ მათ და ზეციურ სამყოფელში შევიყვან, უდიდესი სიმდიდრის მქონედ წარვსდგები უფლის წინაშე!
პოლიმიოს მეფეს გული მოულბო წმიდა ადამიანის ამ სიტყვებმა. მან ირწმუნა ქრისტეს და მთელ თავის სახლეულთან ერთად თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმიდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძრულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმიდა ნათელი.
ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმიდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი „ღმერთები“ ისპობოდნენ, კერპთმსახურება ჰქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავსაც ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას - ასტიაგეს მიეახლნენ, თავის მხარეზე გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმიდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი „ღმერთების“ წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმიდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაყირა ჯვარს აცვა იგი. წმიდა ბართლომე სიხარულით ევნებოდა ქრისტესათვის და ჯვარზე გამოკიდულიც კი ღვთის სიტყვას ახარებდა იქ შეკრებილ ხალხს:
მორწმუნეებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცებდა, ურწმუნოებს კი შეაგონებდა - შეიცანით უფალი იესო ქრისტე, ირწმუნეთ მისი და ეშმაკისმიერი წყვდიადისაგან ჭეშმარიტების ნათელისაკენ მოიქეცითო. ამ სიტყვების მოსმენა ძალზე აღიზიანებდა მტარვალ ასტიაგეს და მან უბრძანა მხედრებს ოთხში ამოეღოთ წმიდანი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინათ. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმიდა ბართლომე, და მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის, და როცა ეს აღასრულეს, ჯვარზე გაკრული დარჩა მისი ფეხით ზემიქცეული სხეული, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ წმიდა მოციქულის მსვლელობა ცისკენ, ღმერთისკენ, უფლის სასუფევლისკენ იყო მიმართული.
ასე აღესრულა, ქრისტეშობიდან 71-ე წელს, უფლის ეს წმიდა მოციქული ბართლომე, და მრავალ ძვირხილულობათა, სნეულებათა და ღვაწლთა შემდგომ უფლისმიერ მშვიდობასა და სიხარულს მიემთხვია სამარადჟამოდ. მისი აღსრულების ჟამს იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვარიდან ჩამოხსნეს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმიდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში. ბართლომეს წმიდა ნაწილთაგან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა, რის გამოც ბევრი აქამდე ურწმუნო ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცეოდა და ქრისტეს ეკლესიას შეეძინებოდა.
საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ის ქვეყანა ქრისტიანთა მდევნელებმა დაიპყრეს, რომლებიც გონებადაბნელებულნი იყვნენ დემონური კერპთაყვანისმცემლობისაგან. და რადგან თვითონაც ხედავდნენ მოციქულის წმიდა ნაწილთაგან აღსრულებულ სასწაულებს და სხვებისგანაც მრავლად ისმენდნენ ამდაგვარ ამბებს, ამიტომ, რაკი არ სურდათ ამაში ღმერთის ყოვლადძლიერება დაენახათ, გადაწყვიტეს ამოეღოთ ლუსკუმა და სადღაც შორს გადაეკარგათ. მართლაც, კალის ლუსკუმა ძალზე შორს წაიღეს და შავ ზღვაში გადააგდეს, სადაც იგი არ ჩაძირულა, ხომალდივით იცურა და ბოლოს კუნძულ ლიპარას მიადგა იტალიასა და სიცილიას შორის. იქაურ ეპისკოპოსს, აგათონს სიზმრეულ ჩვენებაში განეცხადა ზეგარდამო, რომ მათს კუნძულს უფლის დიდი სათნომყოფელის წმიდა ნაწილები მოადგა ლუსკუმით. მეორე დღეს იგი მთელს სამღვდელოებასთან და მორწმუნე ერთად ერთად გავიდა ზღვის ნაპირას. აქ მათ უფლის მოციქულის წმიდა ნაწილები დაინახეს და დიდად გაოცდნენ იმის გამო, რომ კალის ლუსკუმა არ ჩაიძირა წყალში და ესოდენი მანძილი იცურა ზღვაში როგორც მსუბუქმა ხომალდმა. და ყველამ ერთხმად განადიდა შემოქმედი ღმერთი, რომელიც ესოდენ საკვირველ და სასწაულებრივ საქმეთ აღასრულებს ადამიანთა ხსნისათვის. მათ უდიდესი სიხაულით აიღეს წმიდა ნაწილებიანი ლუსკუმა და ფსალმუნთა გალობით გადაასვენეს თავიანთ ეკლესიაში.
სხვა ცნობით, იმპერატორ ანასტასის დროს, დაახლოებით 508 წელს, ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილები ქალაქ ალბანიდან ქალაქ დარიში (მესოპოტამია) გადაასვენეს მორწმუნეებმა, ხოლო როცა 574 წელს ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, რამდენიმე დარიელმა ქრისტიანმა ფარულად აიღო საფლავიდან ლუსკუმა და შავი ზღვის სანაპიროზე გადაასვენა, და რადგან აქაც მოულოდნელად მტერს გადააწყდნენ, ზღვაში შეაცურეს იგი; მრავალი დღის ცურვის შემდეგ კი იგი კუნძულ ლიპარასთან აღმოჩნდა.
შემდგომში ეს კუნძული მაჰმადიანმა არაბებმა დაიპყრეს, ამოიღეს მოციქულის წმიდა ნაწილები, დაანაწევრეს და სხვადასხვა ადგილას გადაყარეს, მაგრამ ისინი კვლავ ერთად შეკრებილნი აღმოჩნდნენ სასწაულებრივად; ერთ-ერთ იქაურ მონაზონს კი თვით წმიდა ბართლომე გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც წმიდა ნაწილები ესვენა. ამის შემდეგ IX საუკუნეში ბართლომეს წმიდა ნაწილები ნეაპოლიტანის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, იქიდან კი, ერთი საუკუნის შემდეგ - რომში. ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილების კუნძულ ლიპარაზე სასწაულებრივ გადასვენებას ეკლესია მოიხსენიებს 25 აგვისტოს.
აღსანიშნავია ერთი თქმულებაც წმიდა მოციქულ ბართლომეზე, მოთავსებული ღირსი მამის იოსებ საგალობელთმწერლის ცხოვრებაში (IX ს., ხსენება 4 აპრილს).
ერთხელ, თესალიაში ყოფნისას, ღირსმა იოსებმა თავისი ნაცნობი ღვთისმოშიში კაცისაგან ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილთაგანი მიიღო, თავის სავანეში მიიტანა კონსტანტინეპოლის მახლობლად, სადაც საგანგებოდ მისთვის ეკლესიაც ააგო წმიდა ბართლომე მოციქულის სახელობაზე და წმიდა ნაწილთაგანიც იქ გადაასვენა. იოსებს ძალზე უყვარდა ბართლომე მოციქული და ამის გამო ხშრიად ღირს-იქმნებოდა ხოლმე მისი ხილვისა სიზმრიესულ ჩვენებებში; ამიტომ სურდა სადიდებელი საგალობლებითაც დაემშვენებინა წმიდა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაული, მაგრამ ვერ ბედავდა ამ საქმის აღსრულებას, რადგან არ იყო დარწმუნებული, სათნო-ეყოფოდა თუ არა ეს თვით წმიდა მოციქულს. და იგი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალსაც და მის მოციქულსაც, გაემხილათ მისთვის თავიანთი ნება და ზეგარდამო სიბრძნეც მოემადლათ ღირსეული სადიდებელი საგალობლების შესაქმნელად. მარხვითა და ცრელმთაღვრით ილოცვიდა ღირსი იოსები ორმოცი დღის განმავლობაში, და როცა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაულიც მოახლოვდა, წანადღის მწუხრის ლოცვაზე მან ცხადად დაინახა, რომ საკურთხეველში თეთრი ანაფორით მოსილი წმიდა ბართლომე გამოჩნდა, გახსნა კრეტსაბმელი და ანიშნა იოსებს, მომიახლოვდიო. ხოლო როცა ღირსი იოსები მიუახლოვდა, წმიდა მოციქულმა საყდრიდან წმიდა სახარება აიღო, მკერდზე დაადო იოსებ საგალობელთმწერალს და უთხრა:
- ყოვლადძლიერი ღმერთის მარჯვენამც გაკურთხებს, რათა შენს ბაგეზე ზეციური სიბრძნის წყალნი გადმოიღვაროს! დაე, გული შენი სულიწმიდის ტაძრად შეიქნას და შენმა საგალობლებმა მთელი სამყარო დაატკბოს!
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წმიდა მოციქული ბართლომე უხილავი შეიქნა, ღირსმა იოსებმა კი საკუთარ თავში ღვთაებრივი სიბრძნის მადლი შეიგრძნო, და გამოუთქმელი სიხარულითა და მადლიერებით აღივსო უფლისადმი და მისი წმიდა მოციქულისადმი. იმ დროიდან მოყოლებული ღირსმა იოსებმა ღვთივსულიერი საეკლესიო ჰიმნებისა და კანონების შექმნა დაიწყო, რომლებითაც, წმიდა ბართლომეს დღესასწაულის გარდა, მრავალი წმიდანის მოსახსენიებელი დღე შეამკო, განსაკუთრებით მრავალი კანონის შექმნით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვრიველმოქმედს მიაგო ჯეროვანი პატივი. უხვად დაამშვენა მან ქრისტეს ეკლესია საგალობლებით, რის გამოც იწოდა კიდეც საგალობელთმწერლად. ყოველივე ამისათვის დიდება ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესო ქრისტეს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წიგნიდან „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრებ“, თბილისი, 2004 წ.
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |